სიახლეები

COVID-19 როგორც ფორსმაჟორი და მისგან გამოწვეული იურიდიული შედეგები

COVID-19 როგორც ფორსმაჟორი

და

მისგან გამოწვეული იურიდიული შედეგები

ავტორი

შალვა ბუავა

შესავალი

COVID-19 იგივე კორონა ვირუსი, მსოფლიო გამოწვევად იქცა და შესაბამისად უამრავი მტკივნეული შედეგი გამოიწვია თითოეული ქვეყნისთვის და ადამიანისთვის. მან დარტყმა მიაყენა არამარტო ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, არამედ ეკონომიკას, ბიზნესს და ზოგადად ადამიანის უფლებებს რამაც უმნიშვნელოვანესი  სამართლებრივი შედეგები გამოიწვია.

თითოეული ჩვენგანი ვცხოვრობთ, ისეთ მოცემულობაში სადაც ყოველდღიურად გარკვეულ ვალდებულებებს ვიღებთ ჩვენს თავზე, ამის დასტურად ვაფორმებთ სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებას ბიზნესპარტნიორებთან, დამსაქმებლებთან და სხვადასხვა პირთან, გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგებისა და დარეგულირების მიზნით.  

იმ ფონზე, როდესაც COVID-19 მძვინვარებს მსოფლიოში და ყოველდღე იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი, უფრო მკაცრდება რეგულაციები სახელმწიფოების მხრიდან. ჩაიკეტა საჰაერო და სახმელეთო საზღვრები, დაიკეტა კაფე-ბარები, რესტორნები, საჯარო და კერძო დაწესებულებები, გაიზარდა ფასები სამომხმარებლო პროდუქტებზე,  საწვავზე, გაუფასურდა ლარი დოლართან მიმართებით, რაც დაკავშირებულია, როგორც ეკონომიკურ ასევე სამართლებრივ საკითხებთან.

გარდა იმისა, რომ ხშირად უნდა დავიბანოთ ხელები, დავიმუშავოთ სპეციალური  სადეზინფექციო ხსნარებით, დავიცვათ მკაცრად თვითიზოლაციის წესები და მოვუფრთხილდეთ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას, მნიშვნელოვანია გავიგოთ რა ბედი ეწევა ჩვენ მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, ჩვენს უფლებებს, როგორც ადამიანის ძირითად უფლებებს, რამდენად გვეზღუდება იგი, რამდენად სწორად გვეზღუდება, რა ალტერნატივები არსებობს და საერთოდ როგორ შეიძლება მოვიქცეთ მოცემულ სიტუაციაში.

ფორს-მაჟორი

კარგი იქნება თუ საუბარს დავიწყებთ, ფორსმაჟორის განხილვით და  იმის გაანალიზებით, რამდენად შეგვიძლია დღევანელი რეალობა მოვათავსოთ ფორსმაჟორულ ჩარჩოებში. ამისათვის პირველრიგში საჭიროა განიმარტოს მისი დეფინიცია და ის შემთხვევები, რომლებსაც მოიცავს ფორსმაჟორი. თუმცა სანამ განმარტებაზე გადავიდოდეთ, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ფორს-მაჟორის საკანონმდებლო დონეზე განმარტება არ გვაქვს. შესაბამისად, „ფორს-მაჟორული გარემოებები წარმოადგენენ ისეთ საგანგებო და შეუქცევად გარემოებებს, როგორიც არის სტიქიური უბედურებები, საომარი მოქმედებები, ხელისუფლების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები, ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ქარიშხალი, ეპიდემია, გაფიცვა, სამხედრო მოქმედებები, საქონლის (მომსახურების) ექსპორტ-იმპორტის აკრძალვა(ემბარგო) და სხვა“.  წინამდებარე დეფინიციიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთ ფორს-მაჟორულ გარემოებად მიჩნეულია ეპიდემია. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში გვაქვს ეპიდემიური მოვლენები, შეზღუდულია გარკვეული ორგანიზაციების ფუნქციონირება, ზოგიერთ შემთხვევაში კი საერთოდ შეჩერებულია და ამ შეზღუდვებიდან და აკრძალვებიდან გამომდინარე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახეზე გვაქვს ფორს-მაჟორული ვითარება. თუმცა, ეს არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს აბსოლუტურად ყველა შემთხვევაზე ვრცელდება და ვალდებულებების შესრულებისგან თავი უნდა შევიკავოთ ან ბოროტად გამოვიყენოთ არსებული ვითარება ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით.

მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ვალდებულების შესრულებისას დაუძლეველი ძალის (იგივე ფორს-მაჟორი) ეფექტი განხილულ უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და თუ ის პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია ვალდებულების შესრულებასთან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოხდეს მისი შეფასება, როგორც ფორს-მაჟორი. ასევე უმნიშვნელოვანესია გავაცნობიეროთ, რომ ყოველივე ეს გამორიცხავს თვითშეფასების საშუალებას. იმისათვის, რომ კონკრეტული ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელდეს დაუძლეველი ძალა, რომელიც სცდება ადამიანის მიერ კონტროლირებად სიტუაციას, და მას ჰქონდეს იურიდიული ძალა და მნიშვნელობა, აუცილებელია მისი შეფასება მივანდოთ შესაბამის ორგანოებსა და ორგანიზაციებს, რომელთა მიერ გაცემულ დოკუმენტს გააჩნია იურუდიული ძალა და მტკიცებულებითი მნიშვნელობა სასამართლოში დავის წარმოშობის შემთხვევაში.

შრომითი ურთიერთობების ბედი არსებულ სიტუაციაში

ავადსახსენებლი მძვინვარე ეპიდემიის დროს დასაქმებულთა უმეტესობა სახლში გაუშვეს, თუმცა მათთვის უცნობია რა ვადით. ზოგიერთი მათგანი მივლენილია სახლში დისტანციურად სამუშაოდ თუ კი კონკრეტული ბინესი და მათი პროდუქტი/სერვისი იძლევა ამის საშუალებას, ზოგიერთი თვლის რომ არ იცის რა ბედი ეწევა მის სამსახურს და დაბრუნდება თუ არა. ასევე პრობლემატურია ანაზღაურების საკითხი ასეთ ვითარებაში.

შრომის კოდექსი პირდაპირ არ არეგულირებს ფორსმაჟორულ სიტუაციებს შრომით ურთიერთობებში, ეს კონკრეტული საკითხი დამოკიდებულია მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე. მნიშვნელოვანია დადგინდეს საერთოდ არის თუ არა შეთანხმება ფორსმაჟორზე, თუ არის რა მოცულობით, მოხსენიებულია თუ არა კონკრეტულად მასში ეპიდემია, პანდემია, თუ არ არის მოხსენიებული, არსებობს თუ არა ჩანაწერი იმ შინაარსით, რომელიც გულისხმობს ზოგადად ყველა ტიპის ფორსმაჟორს, რომელიც თუნდაც არ არის მოხსენიებული მაგრამ შესაძლოა მიჩნეულ იქნეს და საერთოდ როგორ არის ეს საკითხი დარეგულირებული მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით.

პირველ რიგში აუცილებელია გადაიხედოს შრომით ხელშეკრულება და მხარეები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. არსებობს რამდენიმე მიზეზი სამსახურიდან გაშვების, თუმცა ასეთ ვითარებაში კარგი იქნება თუ ორივე მხარის ინტერესები იქნება გათვალისწინებული. კერძოდ, შესაძლებელია რომ შეჩერდეს შრომითი ხელშეკრულება რაც არ გულისხმობს სამსახურიდან გაშვებას და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეჩერებასაც აქვს გარკვეული მიზეზები, რასაც გვთავაზობს მოქმედი შრომის კოდექსი, მაგრამ კონკრეტული მუხლი პირდაპირ არაფერს ამბობს ფორსმაჟორულ სიტუაციებში შრომითი ხელშეკრულების შეჩერების შესახებ. გამოსავალი აქაც არსებობს, შესაძლებელია გაფორმდეს შეთანხმება ანაზღაურებადი ან ანაზღაურების გარეშე შვებულების აღების შესახებ. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე რთულია იმაზე საუბარი, რამდენად დათანხმდება დამსაქმებელი იმაზე, რომ დასაქმებულს ასეთ ვითარებაში მისცეს ანაზღაურებადი შვებულება. აღნიშნული საკითხიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეფასებითია. შეგახსენებთ, რომ შვებულება, ეს არის დასაქმებულის უფლება და იგი ფორმდება მისი მოთხოვნის შემთხვევაში. დამსაქმებელის იძულება გაფორმდეს ანაზღაურების გარეშე შვებულება, არის კანონის უხეში დარღვევა და დასაქმებული არ არის ვალდებული დაემორჩილოს მის მოთხოვნას. თუმცა თუ ეს იქნება განხილული, როგორც შეთავაზება კრიზისული სიტუაციის სამართავად და ექნება თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე ორმხრივი შეთანხმების ხასიათი, ეს შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც მხარეთა შორის კონსესუსი და არა იძულება.

შრომით ურთიერთობების შეჩერების დროს მნიშვნელოვანია დასაქმებულებს შეუნარჩუნდეთ სამუშაო ადგილები, თუ ამის საშუალებას იძლევა არსებული რეალობა და ბიზნესი. შესაძლოა ეპიდემიურმა სიტუაციამ იმდენ ხანს გასტანოს, რომ ბიზნესს არ მისცეს ამოსუნთქვის საშუალება და იძულებული იყოს ეკონომიკური მდგომარეობის გამო შეამციროს სამუშაო ძალა. ასეთ ვითარებაში შესაძლოა თავად თანამშრომელმა გამოთქვას სურვილი გარკვეული პერიოდით იმუშავოს უფასოდ, დაეხმაროს კომპანიას კრიზისიდან გამოსვლაში და შეინარჩუნოს სამუშაო ადგილი. რა თქმა უნდა ეს დამოკიდებულია თანამშრომლის კეთილ ნებაზე, თვითშეგნებაზე, მაღალი კორპორატიული კულტურის ქონაზე და იმ საქმის სიყვარულზე, რასაც აკეთებს კონკრეტულ კომპანიაში.  აუცილებელია, ასევე გათვალისწინებულ იქნეს დასაქმებულის ეკონომიკურ-ფინანსური მდგომარეობა, გამომდინარე იქიდან, რომ ესეთ ვითარებაში ფული თითოეული ადამიანისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ დამსაქმებელი ვალდებულია, სამსახურიდან დროებით გაშვებამდე ნამუშევარი დრო აუნაზღაუროს დასაქმებულს. გარდა ამისა მნიშვნელოვანია იმ საკითხის განხილვა, თუ დასაქმებული ინფიცირებულია ვირუსით, რომელიც იძულებულს ხდის მას იმყოფებოდეს კარანტინში ან თვითიზოლაციაში და დამსაქმებელი მას ავალდებულებს სამსახურში გამოცხადებას. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ დამსაქმებელი ვალდებულია პასუხისმგებლობით მოეკიდოს დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას და არ დააყენოს რისკის ქვეშ საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობა. ასეთ ვითარებაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ დასაქმებული არის დროებით შრომის უუნარო რასაც ამტკცებს სამედიცინო დოკუმენტი, ან სულაც შესაძლოა დასაქმებულს შესწევდეს უნარი იმუშაოს დისტანციურად მიუხედავად იმისა, თუ სად და როგორ ვითარებაში იმყოფება იგი, ამისათვის მთავარია, რომ მას ხელს უწყობდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, და გარემო პირობები. აღსანიშნავია, რომ შრომის კოდექსის 35 მუხლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი. გარდა ამისა, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების პრევენციული სისტემის დანერგვა, აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს დასაქმებული პერსონალური დამცავი აღჭურვილობით, მიიღოს ყველა სხვა გონივრული ზომა დასაქმებულის უსაფრთხოებისათვის და მისი ჯანმრთელობის დასაცავად. დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით მიყენებული ზიანი და აუცილებელი მკურნალობის ხარჯები.

სამოგზაურო ხელშეკრულება და მოგზაურობა

ალბათ ყველასთვის საინტერესო და ერთ-ერთი გამოწვევაა დღევანდელ დღეს მოგზაურობა, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ბევრი მოგზაური/ტურისტი დაზარალდა იმით, რომ გადაიდო ფრენები ან საერთოდ გაუქმდა. მსოფლიოს უმრავლესმა ქვეყნებმა ჩაკეტეს საზღვრები და აღარ ხდება ქვეყნებს შორის მიმოსვლა.

რა ხდება ამ დროს? რა სამართლებრივი ბერკეტები არსებობს ტურისტული კომპანიებისა და ტურისტებისთვის, რომლებიც დაზარალდნენ კორონა ვირუსის გავრცელების გამო, რაც შესაძლოა მიჩნეულ იქნეს ფორსმაჟორულ გარემოებად.

იმისათვის, რომ კონკრეტული სიტუაციები შეფასდეს, აუცილებელია გაიმიჯნოს ტურისტს გაფორმებული ჰქონდა მოგზაურობის ხელშეკრულება კონკრეტულ კომპანიასთან, რომელმაც დაგეგმა მოგზაურობა და აწვდიდა შესაბამის სერვისს, თუ თავად ჰქონდა დაგეგმილი კონკრეტული მარშრუტი.

სამოქალქო კოდექსის 657-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „ტურიზმის ხელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი (ტურისტული საწარმო) მოვალეა გაუწიოს ტურისტს (მოგზაურს) შეთანხმებული მომსახურება. ტურისტი მოვალეა მოგზაურობის მომწყობს გადაუხადოს შეპირებული ანაზღაურება გაწეული მომსახურებისათვის“.  გარდა ამისა მოგზაურობის მომწყობი ასევე ვალდებულია ტურისტს მიაწოდოს მხოლოდ და მხოლოდ სწორი და უტყუარი ინფორმაცია, რომელიც არ უნდა შეიცავდეს ყალბ, არასათანადო და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას. ასევე უმნიშვნელოვანესია, ასეთი ინფორმაცია მიწოდებულ იქნეს არა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, არამედ მანამდე და თავად ტურისტმა გადაწყვიტოს ინფორმაციის საფუძველზე უღირს თუ არა ხელშეკრულების გაფორმება. სწორ და უტყუარ ინფორმაციაში დღევანდელი პირობების გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მოგზაურობის მომწყობმა კომპანიამ ზუსტად იცოდეს სრულდება თუ არა ფრენები კონკრეტული მიმართულებით და ხომ არ არის გადადებული ან გაუქმებული. საინტერესოა როგორ ხდება ურთიერთობების დარეგულირება იმ შემთხვევაში, თუ ტურისტმა მიიღო ფრენებთან დაკავშირებით ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია, იმ მომენტში როდესაც მან იკითხა, მაგრამ გამგზავრების წინ შეიტყო, რომ აღარ სრულდება ფრენები და ტურისტული პაკეტის თანხა გადახდილია სრულად? ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ მოგზაურობის მომწყობი ვალდებულია ტურისტს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ, თუ მისთვის ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით ცნობილი იყო ფრენების გადადების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ტურისტული პაკეტი და მომსახურება ჩათვალოს ხარვეზიანად და ტურისტს შეუძლია მოითხოვოს ხარვეზის აღმოფხვრა, ხოლო მოგზაურობის მომწყობი უფლებამოსილია უარი თქვას ასეთი ხარვეზის გამოსწორებაზე, თუ ის მოითხოვს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს. ასეთ შემთხვევაში ტურისტს შეუძლია თავად გამოასწოროს ხარვეზი და შემდეგ მოითხოვოს მისი ანაზღაურება. ამ შემთხვევაში ტურისტს შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მოგზაურობის მომწყობი უარს აცხადებს ხარვეზის გამოსწორებაზე, მაგრამ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მოგზაურობის მომწყობი კარგავს შეთანხმებული ანაზღაურების მიღების უფლებას, მაგრამ იგი უფლებამოსილია მოითხოვოს მხოლოდ უხარვეზოდ გაწეული მომსახურების ანაზღაურება.

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ თქვენ სპეციალურად აიღეთ შვებულება სამსახურიდან და დააპირეთ სამოგზაუროთ წასვლა, ხოლო აღნიშნული მოგზაურობა ჩაიშალა მოგზაურობის მომწყობის ხარვეზის გამო ან იმიტომ, რომ იგი არაჯეროვნად იყო ორგანიზებული. თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ შვებულების უსარგებლოდ დაკარგვით გამოწვეული შესაბამისი ფულადი ანაზღაურება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 662-ე მუხლის მე-3 ნაწილის (ბ) ქვეპუქნტი, ტურისტს არ აძლევს უფლებამოსილებას მოგზაურობის დაწყებამდე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მოითხოვოს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულება წყდება დაუძლეველი ძალის გამო. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში, ტურისტს შეუძლია მოითხოვოს მოგზაურობის ვადის გასვლის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში, ხოლო მოთხოვნის ხანდაზმულობის საერთო ვადას შეადგენს 6 თვეს.

ასევე საინტერესოა როგორ უნდა მოიქცეს ტურისტი, თუ საქართველოდან გაემგზავრა მაგრამ დანიშნულების ადგილას ჩასვლის მომენტში კონკრეტულმა ქვეყანამ არ შეუშვა. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დადგინდეს მოგზაურობის მომწყობის ბრალეულობა, თუ დადგინდა, რომ მისი ბრალით არის გამოწვეული ყოველივე აღნიშნული, მნიშნველოვანია ხელშეკრულებაში იყოს შეთანხმება, უკან დაბრუნების უზრუნველყოფის შესახებ ტურისტული კომპანიის ხარჯებით, მისი ბრალეულობის შემთხვევაში. ხოლო ტურისტს შეუძლია ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. იმ შემთხვევაში თუ არ დადასტურდა მოგზაურობის მომწყობის ბრალეულობა და ყოველივე აღნიშნული მოხდა კორონა ვირუსისგან გამომდინარე (დაუძლეველი ძალა) ასეთ შემთხვევებში ტურისტი და ტურისტული კომპანია თანაბრად ინაწილებენ უკან დაბრუნების ხარჯებს.  

რაც შეეხება ინდივიდებს, რომლებმაც დამოუკიდებლად დაგეგმეს და მოიწყვეს მოგზაურობა, გამოყენებულ უნდა იქნეს თავად ავია კომპანიისა და იმ პლათფორმის რეგულაციები, რომლის მეშვეობითაც არის ბილეთი შეძენილი და სასტუმრო დაჯავშნილი. ამისათვის აუცილებელია, განხილულ იქნეს პირობითად booking.com და მისი მსგავსი საიტების ხელშეკრულებები და ასევე უშუალო კონტაქტის ქონა თავად იმ სასტუმროებთან, ჰოსტელებთან თუ გესთ ჰაუსების მეპატრონეებთან, რომელიც ჰქონდა ტურისტს დაჯავშნილი.

ხანდაზმულობის ვადის დენა ფორსმაჟორულ სიტუაციებში

არსებობს სიტუაციები, როდესაც არა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები გვაქვს, არამედ ვალდებულები ვართ პროცესუალური ნორმებიდან გამომდინარე ჩავეტიოთ საპროცესო კანონმდებლობაში მოცემულ ვადებში და ისე განვახორციელოთ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ვადის გაშვება შესაძლოა ძალიან ძვირად დაგვიჯდეს. დავესესხები უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს ბატონ ზურაბ ძლიერიშვილს, რომელმაც იუმორისტულ ჭრილში თქვა: „არაფერი ეშველება მიცვალებულს და გაშვებულ ვადას“. შესაბამისად, უმჯობესია განვიხილოთ მოცემული საკითხი არსებულ რეალობაში და გავიგოთ რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც გვეწურება ხანდაზმულობის ვადა პირობითად სარჩელის შეტანის, თუმცა უძლურები ვართ და ვერ შეგვაქვს გავრცელებული ეპიდემიიდან გამომდინარე, შეზღუდული გვაქვს თავისუფლად გადაადგილების უფლება, სასამართლოს კანცელარია არ მუშაობს და მოკლებული ვართ ყველანაირ საშუალებას.

მსგავსი სიტუაციებისთვის კანონმდებელმა გაითვალისწინა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შეიტანა 132-ე მუხლი სადაც მოცემულია, თუ რა შემთხვევებში ხდება ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევად სახელდება „აუცდენელი დაუძლეველი ძალა“ . რა თქმა უნდა, აქაც ანალოგიურად, როგორც ზემოთ განვიხილეთ, უნდა მოხდეს კონკრეტული ფაქტებიდან და ობიექტურად დაუძლეველი გარემოებებიდან გამომდინარე საკითხის ურთიერთშეჯერება, შეფასება და შესწავლა. არსებობს რამდენიმე გამოსავალი ხანდაზმულობის ვადის გაშვების თავიდან არიდების, თუმცა ესეც საჭიროებს ობიექტურ გამოკვლევას. კერძოდ: იურიდიული მოქმედებების განსახორციელებლად შესაძლებელია წარმომადგენლის დანიშვნა და მისი მეშვეობით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

მაგალითისათვის, თუ პირი იმყოფება სავალდებულო კარანტინში და იქ ყოფნის განმავლობაში ეწურება სარჩელის შეტანის ვადა, ამისათვის მას შეუძლია დანიშნოს წარმომადგენელი და მისი მეშვეობით განახორციელოს იურიდიული ქმედება, ასევე დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სარჩელის წარდგენის შესაძლებლობა თითოეულ მოქალაქეს მიეცეს უფასოდ ელექტრონულად. პირი, რომელიც დადგენილ ვადაში არ შეიტანს სარჩელს იმ მიზეზით, რომ იგი იმყოფებოდა იძულებით კარანტინში და შეზღუდული ჰქონდა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასეთ შემთხვევაში იგი ვალდებულია დაამტკიცოს წარმომადგენლის დანიშვნისა და სარჩელის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობა. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ წარმომადგენლის დანიშვნას საჭიროებს ნოტარიუსის ჩართულობა და საბედნიეროდ ტექნოლოგიების დახვეწისა და ელექტრონული მომსახურების გაუმჯობესების წყალობით, აღნიშნული მომსახურების გაწევა შესაძლებელია ინტერნეტის მეშვეობით. აღნიშვნას იმსახურებს მიღწევა, რომელიც საშუალებას გვაძლევს სარჩელი წარვადგინოთ ელექტრონულად, თუმცა მის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ელექტრონული ხელმოწერის არსებობა, ხოლო ამ უკანასკნელ პროცედურას ვერ შევასრულებთ, თუ არ გვაქვს სპეციალური ID-ბარათის წამკითხველი მოწყობილობა და არ ვიცით პინ კოდი. ყოველივე ამის, მტკიცების ტვირთი კი აკისრია თავად იმ პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ ის იმყოფება ფორსმაჟორულ მდგომარეობაში.

 

გისურჯვებთ ჯანმრთელობას!

შალვა ბუავა