სიახლეები

სამომხმარებლო ფასების ზრდის გამომწვევი მიზეზების შეფასება

აკაკი ჩარგეიშვილი, როგორც ბიზნეს სამართლის ექსპერტი, მიწვეული იყო რადიო კომერსანტის  ეთერში სამომხმარებლო ფასების ზრდის არსებული ტენდენციის გამომწვევი მიზეზებისა და სიტუაციის შესაფასებლად.
აკაკი ჩარგეიშვილმა აღნიშნა, რომ ციფრები და სტატისტიკა, რომლებიც ადასტურებენ  ფასების მზარდი ტრენდის არსებობას, ასახავს დღევანდელ მდგომარეობას, თუმცა მნიშნველოვანია ის  მიზეზები და წარსულში განხორციელებული ქმედებები, რომლებმაც მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე. ელექტრო ენერგიის ფასის ზრდის დაწყებასთან ერთად წლების წინ ექსპერტების მიერ აღინიშნა, რომ ეს გამოიწვევდა სამომხმარებლო ფასების არა
მყისიერ, თუმცა, სექტორულ ზრდას. ელექტროენერგეტიკულ სექტორში საჭიროა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, რომელიც ტარდება საზღვარგარეთიდან შემოტანილი დანადგარებით, გარდა ამისა, დადგმული იქნა 6 ქარის ელექტრო სადგური, რა საკვირველია, ამ დანადგარების შეძენა პირდაპირ კავშირშია დოლარის კურსთან. ლარის ინფლაციამ  დოლართან მიმართებით გაზარდა ელექტროენერგეტიკის სექტორში გაწეული ხარჯების ოდენობა, რამაც მოახდინა გავლენა ფასების სექტორულ ზრდაზე და შემდგომ ეს აისახა საბოლოო მომხმარებელზე, ვინაიდან ელექტრო ენერგიას იყენებენ საქართველოში არსებულ საწარმოებში იქნება ეს მცირე, საშუალო თუ დიდი ზომის. მეწარმისთვის გაზრდილი ფასით მიწოდებულმა ელენერგიამ, ობიექტურად გააძვირა საბოლოო პროდუქციის ღირებულება, როგორიცაა თუნდაც კვებითი რესურსები.

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ გაზის ტარიფი უფრო მაღალია კომერციულ სექტორში ვიდრე ინდივიდუალური მომხმარებლისთვის, ბიზნესები, რომლებიც დიდი ოდენობით ბუნებრივ აირს მოიხმარენ თავიანთ წარმოებაში ასევე იძულებული არიან გაზარდონ საბოლოო პროდუქციის ფასი, რათა მოგება იყოს წარმოების ხარჯის პროპორციული.
ფასების ზრდის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია ასევე საწვავზე არსებული აქციზის გადასახადი, რომელმაც მართალია ნამდვილად გაზარდა საბიუჯეტო შემოსავლები, თუმცა ამავდროულად გაზარდა იმ საბოლოო პროდუქციის ფასი, რომლის საწარმოებლად საჭიროა საწვავი.

აკაკი ჩარგეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბიზნეს სამართლის კუთხით არსებული პრობლემები იდენტიფიცირებულია, საუბრობენ ბევრს მათ აღმოფხვრაზე და არსებობს ამის ენთუზიაზმიც, რეალური ქმედებები, რომლებიც ნამდვილად გადაჭრიდა არსებულ პრობლემებს სამწუხაროდ არ ხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ბმული: 

https://www.youtube.com/watch?v=9DsH1vufaOc